Home სხვადასხვა ”დალეწილი დამსვევს მის წინ, გონების დაკარგვამდე წიხლებით მცემდნენ” – ყოფილმა პატიმარმა მარიანა...

”დალეწილი დამსვევს მის წინ, გონების დაკარგვამდე წიხლებით მცემდნენ” – ყოფილმა პატიმარმა მარიანა ჩოლოიანზე საშინელი სიმართლე გაამხილა

979
loading...

ნიკა გოგუაძე, რომელიც 2011 წელს ყინწვისის ცნობილი სპეცოპერაციის დროს დააკავეს, შემდეგ კი სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს კიდეც, წლების შემდეგ პოლიტპატიმრად აღიარეს. ამ წლის 27 ივნისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიება კანონდარღვევებით მიდიოდა. ევროსასამართლომ გოგუაძის წამებაც აღიარა და სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციაც დააკისრა.
ირკვევა, რომ გოგუაძის საქმის გამომძიებელი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი მარაიანა ჩოლოიანი იყო.

ყოფილი პატიმარი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, თუ რა მდგომარეობაში მიიყვანეს ის ჩოლოიანთან და როგორ წაიყვანა მან დაკითხვა:
– ძალოვანი უწყებების ნახევარზე მეტი შენობები უკვე მოვლილი მქონდა, როცა თბილისის პოლიციის სამმართველოში მიმიყვანეს და მარიანა ჩოლოიანის წინ სრულიად დალეწილი დამსვეს დასაკითხის სკამზე…
– ფიზიკური დაზიანებები გეტყობოდათ?
– მეტყობოდა კი არა, სულ დალილავებული ვიყავი…
– არ გააპროტესტა?
– საერთოდაც არა. ექიმის გამოძახებაზე არც უფიქრია. ტკივილგამაყიჩებელიც კი არ შემოუთავაზებია. პირდაპირ საქმეზე გადავიდა – დაიწყეო… ვუთხარი, რა დავიწყო-თქო. ის რომ 2 ათასი რუსი ჯარისკაცი შემოგყავდაო. მაშინ, 9 წლის წინ გაცილებით პატარა იყო და ალბათ ამიტომ, გვერდით ჭკუისდამრიგებელი ეჯდა, შედარებით გამოცდილი კაცი… ჩოლოიანი ჩემგან სასურველ პასუხს რომ ვერ მიიღებდა, თავს უკმაყოფილოდ გადააქნევდა, ირონიულად გაიღიმებდა, სიგარეტს მომაწვდიდა და თვითონ ვითომ შესვენებაზე გადიოდა. ამ დროს ოთახში შემოლაგდებოდნენ ჯანიანი პოლიციელები. დამიშვებდნენ თავზე წიხლებს, სკამებს ბოთლებს, ისევ დამლეწავდნენ გონების დაკარგვამდე. მერე შემოვიდოდა ჩოლოიანი. იატაკიდან ისევ სკამზე ამწევდნენ და „აბა გავაგრძელოთო“ – ისევ აგრძელებდა დაკითხვას.
– ანუ, იცოდა, რომ გაწამებდნენ…
– რა თქმა უნდა. თუ თვითონ არ გავიდოდა, მის თავის გაქნევაზე ზოგჯერ თვითონ შემოდიოდნენ ოთახში და მე გავყავდით სხვა კაბინეტში, სადაც დამლეწავდნენ და გონდაკარგულს ისევ მარიანასთან შემიყვანდნენ. ჩემი დაკითხვა გონების დაკარგვიდან გონების დაკარგვამდე მიმდინარეობდა და ამასობაში დაკითხვის ოქმში ინფორმაცია იმატებდა. არ ვიცი რას წერდა მაშინ, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 24-ვე დაკავებულს აბსოლუტურად ერთნაირი ჩვენება გვქონდა.
– თქვენ არაფერს ეუბნებოდით ისე წერდა, თქვენს მაგივრად?
– მე ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ლიდერი ვიყავი და ბუნებრივია, ჩემს პოზიციას ვაფიქსირებდი, თუმცა, ცხადია არა იმას, რაც ჩემს „ჩვენებაში“ საბოლოოდ აღმოჩნდა.
– თუმცა, ეს ჩვენება თქვენი ხელმოწერით დადასტურებული გაქვთ…
– ბოლოს ისე ვიყავი, რომ ისე გაგრძელება აღარ შემეძლო, იზოლატორში მოხვედრას ვოცნებობდი უკვე. ამიტომ მე თვითონ ვუთხარი – მარიანა, მომეცი, მოგიწერ ხელს და გამიშვი იზოლატორში-მეთქი. ასე მოვაწერე ხელი.
– ბუნებრივია, ხვდებით, ალბათ, რატომაც გახდა აქტუალური თქვენთან ისევ ამ თემაზე საუბარი… ჩოლიანი იყო 15 წლის ლუკა სირაძის გამომძიებელიც…
– წარმოდგენილი მაქვს, რა დღეში ჩააგდებდნენ ბავშვს.
– გგონიათ, რომ სცემდნენ?
– არა, რა თქმა უნდა… მარიანას მისთვის რომ დაერტყა, ხელი თვითონ მოტყდებოდა, ისეთი გამხდარი იყო. არც სხვები შეეხებოდნენ მას – მოზარდი იყო და თანაც, როგორც ვიცი, დედასთან ერთად მივიდა პოლიციაში. ვგულისხმობ ჩოლოიანის ცინიზმს. ეს მისი მუშაობის სტილი იყო – ცინიკური და ირონიული. ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საერთოდ არ აინტერესებს სიმართლის დადგენა და წინასწარ იცის, რა უნდა ჩაიწეროს დაკითხვის ოქმში.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც მწვანე სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში დაკითხეს, მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გუშინვე, ჩვენების გამოძალვის მცდელობის მუხლი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

loading...
გაზიარება