Home ადამიანები გონებას კარგავდა… მითხრა, ჩემს ოჯახს დაეხმარეო – კაცი, რომელმაც დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა

გონებას კარგავდა… მითხრა, ჩემს ოჯახს დაეხმარეო – კაცი, რომელმაც დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა

556
loading...

გუშინ ბათუმში, პატრულ-ინსპექტრი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ფეხით მოსირაულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. პოლიციელებს ეგონათ, რომ ის დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა, რა დროსაც დაკავებულმა ისიც ფეხის არეში დაჭრა.
ადგილზე გამვლელები შეიკრიბნენ და მათი უმრავლესობა აუღელვებლად ადევნებდა თვალს, როგორ ჰყავდა დაკავებული დამნაშავე ერთ პოლიციელს და როგორ იცლებოდა მეორე სისხლისგან. დახმარებას არავინ ჩქარობდა… რომ არა შემთხვევითი გამვლელი რაულ თებიძე, რომელიც იმ დროს სამუშაოდან ბრუნდბოდა, ოთარ თავართქილაძე ალბათ ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა.
41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს. ის ამ დანაშაულს სრულიად შემთვევით შეესწრო, თუმცა თავად დაჭრის ფაქტზე არანაკლებ იქვე მყოფი საზოგადოების რეაქციამ გააოგნა. აი, რას უყვება ის „პრაიმტაიმს“.

რაულ თებიძე, თვითმხილველი:
„შევესწარი, რომ შველას ითხოვდა პატრული, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს პატრული იყო თუ ვინმე სხვა, ყველა ხომ ადამიანია. ხალხი იდგა გარშემო და უბრალოდ უყურებდნენ – გეგონება კონცერტი იყო, არავინ ცდილობდა ხელის შეშველებას. ღობიდან გადავხტი და მაშინვე არტერიაზე მოვუჭირე ხელი, ვცდილობდი მაქსიმალურად შემეჩერებინა სისხლდენა. ჩავსვათ მანქანაში და წავიყვანოთ რესპუბლიკურ საავადმყოფოშითქო – დავიყვირე. სხვა შემთხვევაში აზრი აღარ ჰქონდა, სანამ „სკორი“ მოვიდოდა დაიღუპებოდა ეს ბიჭი. აჭარის პოლიციის უფროსი მოვიდა უცებ ადგილზე, მე და მან გადავიყვანეთ მანქანით. უკან ჩავსვით დაჭრილი და რაც შეიძლება ვუჭერდი არტერიაზე, რომ სისხლი შემეჩერებინა. გზად უკვე გონს კარგავდა, ხრიალებდა და მითხრა – ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ალბათ, მეც თანამშრომელი ვეგონე და ოჯახზე ეფიქრებოდა.
მე ხელოსანი ვარ, სამუშაოდან მოვდიოდი, იმ დროს მოხდა ეს ამბავი. ჩემგან დაახლოებით 30 მეტრში. ვხედავ, რომ ერთი პატრული გაქცეულს გაეკიდა და დააკავა, ეს ბიჭი კი ჩაიკეცა და შველას ითხოვდა. ხალხის მოქმედებამ გამაოგნა – იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იცლებოდა ადამიანი სისხლისგან. ეს არანაირ ადამიანობაში არ წერია, არ ვიცი რა დაგვემართა ამ ქართველებს, აქ ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. მე რაც შემეძლო გავაკეთე, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე.
ოპერაციის დასრულებამდე დაველოდე საავადმყოფოში, რომ თქვეს გადაიტანა კარგად და გადარჩაო, წამოვედი. მერე უფრო იმოქმედა ამ ყველაფერმა ადამიანურად. გამოსვლისას აჭარის პოლიციის უფროსმა მადლობა გადამიხადა პოლიციელის სიცოცხლის გადარჩენისთვის, სახელი და გვარი მკითხა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ნორმალური ადამიანი, თუ გული აქვს, ასე უნდა იქცეოდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია“.

„პრაიმტაიმი“ მომხდარის შესახებ ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, პატრულ ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძესაც დაუკავშირდა. იმ დღეს ავტომობილს სწორედ ავთანდილი მართავდა.

ავთანდილო მჟავანაძე, პატრულ-ინსპექტორი:
„ჩვეულებრივ ვპატრულირებდით, ხელი დაგვიქნია მოქალაქემ. გავაჩერე მანქანა – ვიფიქრეთ, რაიმე დახმარება სჭირდებათქო. ჩემი მეწყვილე როგორც კი გადავიდა, ამ პიროვნებამ ეგრევე დანა დაარტყა კისერში ორჯერ. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან. მან სცადა გაქცევა, მაგრამ ადგილზე მოვხერხე დაკავება, რა დროსაც მეც ფეხში დამარტყა დანა. ვყვიროდი დახმარებას, ჩემი მეწყვილე გონებას კარგავდა – დავუყვირე, რაციასთან მიდი და დახმარება მოითხოვეთქო. ფორთხვით მივიდა და მოასწრო შეტყობინება, თან უკვე ითიშებოდა. პირველად ვნახეთ ეს პიროვნება, მანამდე არასდროს გვქონია რაიმე შეხება მასთან. რატომ გააკეთა ეს, რატომ გვიმეტებდა სასიკვდილოდ, არ ვიცი. გამოძიება ყველაფერს გაარაკვევს“.

loading...
გაზიარება